ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი (MY.GOV.GE) წარმოადგენს საჯარო და კერძო სექტორში არსებული ელექტრონული სერვისების ერთიან ვებ-პორტალს. ამჟამად პორტალზე განთავსებულია 400-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება, რომლებიც პორტალის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ,,ერთი ფანჯრის“ პრინციპით - მხოლოდ ერთი წერტილიდან, პორტალზე რეგისტრაციისა და პორტალის მოხმარების წესებზე დათანხმების შემდეგ.
„ევროკავშირი ბიზნესისთვის“ (EU4Business) ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირი მხარს უჭერს მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში (SME). ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ, გაიგოთ, თუ როგორ მოიპოვოთ კრედიტი ან გრანტი, გაიუმჯობესოთ ბიზნესის განვითარების უნარ-ჩვევები და შეხვიდეთ ახალ ბაზრებზე.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატის მიზანია საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროექტების მეშვეობით პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის ინტერესების დაცვასა და განვითარებას.
ბიზნესომბუდსმენი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტს და კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის დარღვეული უფლებების აღდგენას.
„სახელმწიფო - შენი პარტნიორი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის ბიზნესის ხელშეწყობაზე ორიენტირებულ 20-ზე მეტ სახელმწიფო პროგრამას. პროექტის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გაამარტივოს და გაზარდოს წვდომა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებაზე მათთვის, ვისაც ბიზნესის დაწყება, ან არსებულის გაფართოება სურს.
„შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მხარდაჭერილია ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის მიერ, პროექტს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი ახორციელებს. ინიციატივის მიზანია, კვლევით და შესაძლებლობების გაძლიერებით, ხელი შეუწყოს საქართველოში ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება ღონისძიებები, რომელიც მოემსახურება ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, ქართველი ქალი მეწარმეების ცნობადობის ამაღლებას, კერძო-საჯარო დიალოგის ხელშეწყობას და ქალი მეწარმეების ხელისშემწყობი პოლიტიკის გატარების მხარდაჭერას.
„აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
the link of the current page has been copied