1. ვირტუალური აქტივი

2023 წლის 1 იანვრიდან, ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომელიც ვირტუალურ აქტივს შეეხება.

ვირტუალური აქტივი განიმარტება, როგორც „ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას.“

ვირტუალურ აქტივთან, იგივე კრიპტო აქტივთან, დაკავშირებული საქმიანობა აქამდე სპეციალური რეგულაციების გარეშე იყო შესაძლებელი. საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და მიიღო ახალი კანონმდებლობა კრიპტო აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

ვირტუალურ აქტივთან დაკავშირებული რეგულაცია მნიშვნელოვნად აისახება მცირე და საშუალო ბიზნესზე, რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე. ერთი მხრივ, საქართველოში არაერთი მცირე და საშუალო ბიზნესი ოპერირებს, რომელთა საქმიანობა კრიპტო ვალუტასთან არის დაკავშირებული და ამდენად, ახალი რეგულაციები პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მათზე. გარდა ამისა, კრიპტო ვალუტის რეგულირება ახალ შესაძლებლობებს აჩენს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რამდენადაც აღნიშნული სფეროს რეგულირება და სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა ზრდის კრიპტო ვალუტის მიმართ სანდოობას. ამასთან, კრიპტო ვალუტის ლეგალურობა გაზრდის ხელმისაწვდომობას დაფინანსების ალტერნატიულ საშუალებებზე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.

2. ვირტუალური აქტივის მომსახურება

ვირტუალური აქტივის მომსახურება განიმარტება, როგორც „კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის  ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის  შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა) ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება ან/და ასეთი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა ან/და პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება.“ სუბიექტს, რომელიც ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას ეწოდება ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი (VASP).

რეგულაციის სრულად ამოქმედება რამდენიმე ეტაპად არის გათვალისწინებული. კანონმდებლობის მიხედვით, რეგისტრაციას დაექვემდებარა ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ახორციელებს ვირტუალური აქტივის მომსახურებას. 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ეროვნული ბანკი მიიღებს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომლითაც განსაზღვრავს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის წესს. აღნიშნული წესის ამოქმედების შემდეგ, იმ სუბიექტებმა, რომლებიც ახორციელებენ ვირტუალური აქტივის მომსახურებას, ვალდებული არიან 90 დღის განმავლობაში მიმართონ საქართველოს ეროვნულ ბანკს რეგისტრაციის მიზნით და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

გაითვალისწინეთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ბანკი დაამტკიცებს პროვაიდერის რეგისტრაციის წესს, ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა სათანადო წესით რეგისტრაციის გარეშე ჩაითვლება უკანონო სამეწარმეო საქმიანობად და დაექვემდებარება პასუხისმგებლობას, მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული წინაპირობების შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი მიიჩნევა ანგარიშვალდებულ პირად, შესაბამისად, პროვაიდერი ვალდებული იქნება უზრუნველყოს მისი საქმიანობის შესაბამისობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობასთან. კანონმდებლობის მიხედვით, პროვაიდერი ვალდებული იქნება განახორციელოს კლიენტების იდენტიფიცირება, ვერიფიკაცია, ასევე, დანერგოს პრვენციული ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვალდებულებები შეეხება პროვაიდერის არამხოლოდ ახალ, არამედ არსებულ კლიენტებსაც, რომელთა მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები პროვაიდერმა უნდა განახორციელოს 1 წლის განმავლობაში, არაუგვიანეს 2024 წლის 1 ივლისისა.

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციისათვის დადგენილია სარეგისტრაციო საფასური - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება