1. საზოგადოებასა
და ხელმძღვანელს შორის სამართლებრივი ურთიერთობა
2022 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონი. კანონით მნიშვნელოვნად შეიცვალა სხვადასხვა პროცედურა, პრინციპი, რაც კომპანიის მართვის პროცესში უნდა გაითვალისწინოს ყველა ბიზნეს სუბიექტმა (იურიდიულმა პირმა). ამ სტატიაში თქვენ გაეცნობით ინფორმაციას იმ სიახლეების შესახებ, რაც დაკავშირებულია საზოგადოებასა და დირექტორს შორის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს.
კანონის მიხედვით,
გამოყენებულია ტერმინი „ხელმძღვანელი პირი“. ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ერთი პირი
ან რამდენიმე პირი.
თუკი საზოგადოებას
ჰყავს რამდენიმე ხელმძღვანელი, უნდა განსაზღვროთ ისინი დამოუკიდებლად წარმოადგენენ
ერთმანეთს, თუ საჭიროა რამდენიმე მათგანის ერთობლივი მოქმედება. ასევე, შესაძლებელია
განსაზღვროთ, რომ ყველა ხელმძღვანელს კონკრეტული უფლებამოსილებები აქვთ. მაგალითად,
შეიძლება კომპანიას ჰყავდეს ფინანსური დირექტორი, რომელიც ფინანსებთან დაკავშირებულ
გადაწყვეტილებას იღებს, ხოლო ტექნიკური დირექტორი იღებდეს ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ
გადაწყვეტილებებს.
ხელმძღვანელ პირს
თანამდებობაზე ნიშნავს პარტნიორთა კრება ან სამეთვალყურეო საბჭო. ეს საკითხი წესდებით
უნდა გადაწყდეს. ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე ინიშნება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
შესაძლებელია მისი ხელახლა დანიშვნა. თუ 3 წლის ვადის გასვლის შემდეგ ხელმძღვანელი
პირი არ შეიცვლება, ან არ განისაზღვრება მისი უფლებამოსილების ახალი ვადა, ის განუსაზღვრელი
ვადისთ ჩაითვლება თანამდებობაზე დანიშნულად.
ხელმძღვანელ პირს
აქვს საზოგადოების წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
გულისხმობს, რომ სწორედ ხელმძღვანელი პირი მოქმედებს მესამე პირების წინაშე საზოგადოების
სახელით. როგორც წესი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუზღუდავია. თუმცა, დასაშვებია
შეიზღუდოს წესდებით ხელმძღვანელის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. მესამე პირები
ეყრდნობიან რეესტრში არსებულ მონაცემებს. ამიტომ, თუკი რაიმე უფლებამოსილება შეზღუდული
აქვს ხელმძღვანელს პირს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ის უნდა მიეთითოს რეესტრის ამონაწერში.
2. სასამსახურო ხელშეკრულება
მას შემდეგ, რაც
ხელმძღვანელი პირი დაინიშნება თანამდებობაზე, საზოგადოებას და ხელმძღვნელ პირს შორის
ფორმდება სასამსახურო ხელშეკრულება.
გაითვალისწინეთ,
რომ სასამსახურო ხელშეკრულებაზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები! შესაბამისად,
გაითვალისწინეთ, რომ კომერციული პირობები, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, კომპენსაციები
და ა.შ. სწორედ ხელშეკრულებით უნდა გაითვალისწინოთ და ამ დროს ვერ დაეყრდნობით შრომის
კოდექსს.
საზოგადოების
სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს პარტნიორთა კრების თავმჯდომარე ან სამეთვალყურეო
საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც გათვალისწინებულია წესდებით.
ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:
- ხელმძღვანელის ანაზღაურების ოდენობა, ფორმა და პერიოდულობა; მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ თუ ხელშეკრულებაში არ ჩაიწერება ხელმძღვანელის ანაზღაურება, ივარაუდება, რომ იგი თავის საქმიანობას უსასყიდლოდ ახორციელებს!
- სამსახურებრივი პრივილეგიები, რომლებსაც ხელმძღვანელი მიიღებს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში (პრემიები, ტრანსპორტი, დაზღვევა და ა.შ.);
- ხელმძღვანელი პირის უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც იმოქმედებს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგად.
სასამსახურო ხელშეკრულების ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ხელმძღვანელ პირს
უფლება აქვს მოშალოს სასამსახურო ხელშეკრულება, თუ ის პარტნიორთა საერთო კრებას ან
სამეთვალყურეო საბჭოს სულ მცირე ერთი თვით ადრე შეატყობინებს ამის შესახებ. ამ კრების
მოწვევა სწორედ ხელმძღვანელ პირს ევალება. ხელმძღვანელმა პირმა შეტყობინება წერილობით
უნდა გააკეთოს!
ხელმძღვანელი
პირის გათავისუფლება ავტომატურად იწვევს სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტას.
3. ზრუნვის მოვალეობა
ხელმძღვანელ პირს
აქვს საზოგადოების ზრუნვის მოვალეობა. ეს გულისხმობს, რომ ის საზოგადოების საქმეებს
უნდა გაუძღვეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით. ზრუნვის
მოვალეობა ნიშნავს, რომ ხელმძღვანელი ისე უნდა მოქმედებდეს, როგორც ანალოგიურ პირობებში
იმოქმედებდა სხვა საღად მოაზროვნე პირი, იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია
საზოგადოებისათვის ეკონომიკურად.
მნიშვნელოვანია,
რომ ზრუნვის მოვალეობის დარღვევისთვის ხელმძღვანელ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება.
კერძოდ, ხელმძღვანელი პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა საზოგადოებას
მისი მხრიდან ზრუნვის მოვალეობის დარღვევისთვის. ეს პასუხისმგებლობა არ შეიძლება
წესდებით შეიზღუდოს!
ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება აქვს სხვა ხელმძღვანელ პირს, ხელმძღვანელ ორგანოს, სამეთვალყურეო
საბჭოს, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორს. წესდებით შეიძლება დაკონკრეტდეს
ის პირი, ვისაც უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ხელმძღვანელი პირისგან.
ხელმძღვანელი
პირი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან თუ ის მხოლოდ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებას
ასრულებს და ამით მიადგება ზიანი საზოგადოებას. თუმცა, ამ დროს მნიშვნელოვანია გაირკვეს,
ზიანი ხომ არ გამოიწვია იმან, რომ ხელმძღვანელმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა პარტნიორთა
საერთო კრებას. ასეთ დროს, ხელმძღვანელ პირს მაინც დაეკისრება პასუხისმგებლობა, იმის
მიუხედავად, რომ მან კრების გადაწყვეტილება შეასრულა.
აღსანიშნავია,
რომ თუ გარიგების ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების 50%-ს ან უფრო ნაკლებს
თუ წესდებით ნაკლები ოდენობაა დადგენილი, ასეთი გარიგების გაფორმებისთვის ხელმძღვანელ
პირს ესაჭიროება პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილება.
ზრუნვის მოვალეობა
მოიცავს ხელმძღვანელი პირის ვალდებულებას, რომ მან განაცხადოს საზოგადოების გადახდისუუნარობის
შესახებ არაუგვიანეს 3 კვირისა თუ საზოგადოება გადახდისუუნაროა ან გადახდისუუნარობის
საშიშროების წინაშე დგას.
ზრუნვის მოვალეობა
არ არის დარღვეული და ხელმძღვანელი პირი არ არის ვალდებული, აანაზღაუროს ის ზიანი,
რომელიც სამეწარმეო საზოგადოებას მის მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილებით მიადგა,
თუ ხელმძღვანელ პირს გონივრულად შეეძლო ევარაუდა, რომ იგი სამეწარმეო გადაწყვეტილებას
საკმარისი და სანდო ინფორმაციის საფუძველზე, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესებიდან
გამომდინარე, დამოუკიდებლად და ინტერესთა კონფლიქტის ან სხვათა ზეგავლენის გარეშე იღებდა.
4. კონკურენციის აკრძალვა
ხელმძღვანელ პირს
არ აქვს უფლება, სამეწარმეო საზოგადოების თანხმობის გარეშე განახორციელოს იგივე საქმიანობა,
რომელსაც ახორციელებს სამეწარმეო საზოგადოება, ან იყოს იმავე სფეროში მოქმედი სამეწარმეო
საზოგადოების ხელმძღვანელი პირი. თანხმობა გაცემულად მიიჩნევა, თუ სამეწარმეო საზოგადოების
ხელმძღვანელი პირის დანიშვნისას პარტნიორებმა იცოდნენ, რომ სამეწარმეო საზოგადოების
ხელმძღვანელი პირი ახორციელებდა აღნიშნულ საქმიანობას, მაგრამ მისთვის ამ საქმიანობის
შეწყვეტა არ მოუთხოვიათ.
ხელმძღვანელ პირთან
დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით აღნიშნული ვალდებულება შეიძლება ძალაში დარჩეს
მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც, მაგრამ არაუმეტეს 3 წლის ვადით.
ამ ვალდებულების
დარღვევისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს კომპენსაცია. მისი ოდენობა და გადახდის
წესი განისაზღვრება სასამსახურო ხელშეკრულებით ან მხარეთა დამატებითი შეთანხმებით.
კონკურენციის აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია
დამრღვევს სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციასთან ერთად
შეთანხმებული პირგასამტეხლოს გადახდაც მოსთხოვოს.
სამეწარმეო საზოგადოებას
შეუძლია დამრღვევს კომპენსაციის ნაცვლად მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით
დადებული გარიგებიდან დამრღვევის მიერ მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის
გადაცემა ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა. ამ უფლების გამოყენება შეუძლია
ხელმძღვანელ ორგანოს, სხვა ხელმძღვანელ პირს, სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო კანონით გათვალისწინებულ
შემთხვევაში − თითოეულ პარტნიორს.
5. საქმიანი შესაძლებლობის მითვისების აკრძალვა
ხელძღვანელ პირს
არ აქვს უფლება, სამეწარმეო საზოგადოების წინასწარი თანხმობის გარეშე, პირადი სარგებლის
ან, ამ საზოგადოების გარდა, სხვა პირთა მიერ სარგებლის მისაღებად ისარგებლოს სამეწარმეო
საზოგადოების საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული საქმიანი შესაძლებლობით, რომელიც
მისთვის ხელმისაწვდომი გახდა მოვალეობის შესრულებისას ან თანამდებობრივი მდგომარეობიდან
გამომდინარე და რომელიც, გონივრული თვალსაზრისით, სამეწარმეო საზოგადოების ინტერესის
საგანი შეიძლებოდა ყოფილიყო.
სამეწარმეო საზოგადოების
წინასწარი თანხმობის მიღება საჭირო არ არის, თუ საერთო კრებამ ან სამეთვალყურეო საბჭომ
უკვე იმსჯელა აღნიშნულ შესაძლებლობაზე და უარი თქვა მის გამოყენებაზე. ეს ვალდებულება
ძალაში რჩება ხელმძღვანელი პირის თანამდებობიდან გათავისუფლებიდან არაუმეტეს
3 წლისა. მასთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით შეიძლება უფრო მცირე ვადა დადგინდეს.
საქმიანი შესაძლებლობის
მითვისების აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია
დამრღვევს მოსთხოვოს ამ დარღვევით სამეწარმეო საზოგადოებისთვის მიყენებული ზიანის
(მათ შორის, მიუღებელი შემოსავლის) ანაზღაურება. სამეწარმეო საზოგადოებას შეუძლია დამრღვევს
ზიანის ანაზღაურების ნაცვლად მოსთხოვოს საკუთარი ან მესამე პირის სახელით დადებული
გარიგებიდან დამრღვევის მიერ მიღებული სარგებლის სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადაცემა
ან ამგვარი სარგებლის მიღების უფლების დათმობა.