1. ფასის მითითება

კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ, უკვე დადგინდა მომხმარებელთა უფლებების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად, მოვაჭრეს დაევალა მომხმარებლის უფლებების დაცვისათვის კონკრეტული ქმედებების განხორციელება. კერძოდ, სააგენტოს მიერ არაერთ შემთხვევაზე იქნა დადგენილი მოვაჭრის ვალდებულება, რომ მკაფიოდ მიაწოდონ ინფორმაცია ფასის შესახებ მომხმარებელს, მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია მკაფიოდ და გასაგება ენაზე, მათ შორის, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დროს, მომხმარებელს მისცენ შესაძლებლობა გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება და უარი თქვან ხელშეკრულებაზე (ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შესახებ იხილეთ ჩვენს მიერ გამოცემული N1 ნიუსლეთერი).

მოვაჭრე ვალდებულია უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასის და ერთეულის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ თქვენი საქონლის ან მომსახურების რეკლამირებას, ვალდებული ხართ მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოთ ფასი. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით დისტანციური ფორმით გაყიდვის დროს არის დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც მოვაჭრეები ეკლამირებისას არ უთითებენ გასაყიდ ფასს, რაც კანონის ამოქმედების შემდეგ დარღვევად ითვლება. გაითვალისწინეთ, რომ ღნიშნული ვალდებულება ძალაშია სოციალური ქსელით ინფორმაციის გავრცელების დროსაც.

მაგალითად, თუკი თქვენ ვაჭრობთ დისტანციურად, სოციალური ქსელის მეშვეობით, თქვენ ვალდებული ხართ ფასი მიუთითოთ საჯაროდ ყველასათვის და არ გაქვთ უფლება უთხრათ მომხმარებელს, რომ ის ფასს პირადი შეტყობინების მეშვეობით მიიღებს. 


2. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

კანონით დადგენილ ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს პოტენციური მომხმარებლებისათვის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მკაფიოდ მიწოდების ვალდებულება. აღნიშნული გულისხმობს, რომ ყველა მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მკაფიოდ, გასაგებად, სახელმწიფო ენაზე მიაწოდოს უტყუარი და სრული ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთ საქმეზე სწორედ იმ საფუძვლით დაიწყო შესწავლა, რომ მომხმარებლებს შესაძლოა არ ჰქონოდათ ხელშეკრულების ცვლილების შესახებ მკაფიოდ და გასაგებად ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა. შესაბამისად, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვით მოვაჭრეს დაევალა, რომ მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მკაფიოდ და გასაგებად. იმის გამო, რომ აღნიშნული არ იყო უზრუნველყოფილი, მოვაჭრეს დაევალა მომხმარებლებისათვის დარღვეული უფლებების აღდგენა ძველი პერიოდისათვისაც.

გაითვალისწინეთ, რომ სავალდებულოდ მისაწოდებელი ინფორმაციის ჩამონათვალს ადგენს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონის მე-5 და მე-10 მუხლები.

მაგალითად, თუკი თქვენსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ შეგიძლიათ სტანდარტულ ხელშეკრულებაში ცვლილების ცალმხრივად შეტანა, აღნიშნული ცვლილების შესახებ მკაფიოდ და გასაგებად უნდა შეატყობინოთ მომხმარებელს. თუკი მომხმარებელს უგზავნით შეტყობინებას ცვლილების შესახებ ელ-ფოსტის მეშვეობით, შეტყობინების სათაურში და ტექსტში მკაფიოდ მიუთითეთ, რომ შეტყობინება შეეხება ხელშეკრულებაში ცვლილებას, რათა მომხმარებელმა არ ჩათვალოს, რომ შეიძლება რაიმე უმნიშვნელო შეტყობინება იყოს, ან მორიგი მარკეტინგული ინფორმაცია. თუკი ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, მაგალითად, იცვლება ფასი, ფასის გამოანგარიშების წესი ან სხვა არსებითი პირობა, შეტყობინებაში არამხოლოდ ბმული უნდა გაგზავნოთ, არამედ, ტექსტში აღწერეთ, რომ ცვლილება შედის ხელშეკრულების არსებით პირობაში, აღწერეთ ეს ცვლილება, რათა მომხმარებელმა მეტი ყურადღება გაამახვილოს ხელშეკრულებაში შეტანილ ცვლილებაზე.

 

წინა სტატია მომდევნო სტატია
გაზიარება