1. ახალი კანონის მოთხოვნა
კანონით დადგენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, რომლის მიხედვითაც ყველა სუბიექტი ვალდებულია არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტისა შესაბამისობაში მოიყვანოს მისი სარეგისტრაციო მონაცემები ახალ კანონთან. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ვალდებულება შეეხება ყველა ფორმის მეწარმე სუბიექტს და ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
2. რა მოხდება, თუკი არ შეასრულებთ კანონის მოთხოვნას 2025 წლის 31 მარტამდე?
კანონის მიხედვით, 2025 წლის 31 მარტის შემდეგ, მარეგისტრირებელი ორგანო სუბიექტს განუსაზღვრავს 3 თვიან დამატებით ვადას. თუკი სუბიექტი ამ ვადაშიც არ უზრუნველყოფს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, მისი რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება. თუკი სუბიექტს აქვს რაიმე ქონება, დაიწყება მისი ლიკვიდაციის პროცედურა და დაინიშნება ლიკვიდატორი. ამიტომ, აუცილებელია დროულად მიმართოთ მარეგისტრირებელ ორგანოს, რათა თავიდან აირიდოთ თქვენი კომპანიისათვის სამართლებრივი პრობლემების დადგომა.
3. როგორ უნდა მოახდინოთ სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობის მოყვანა?
თქვენი ბიზნესის
ახალ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად უნდა მიმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს,
ან სააგენტოს ავტორიზებულ პირებს. დოკუმენტაციის წარდგენა ასევე შესაძლებელია ელექტრონული
პორტალის - www.my.gov.ge მეშვეობით, თუკი გაქვთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა.
რაც შეეხება წარსადგენ დოკუმენტებს:
პირველ რიგში, თქვენ უნდა შეადგინოთ სადამფუძნებლო შეთანხმება. სადამფუძნებლო შეთანხმებით განისაზღვრება სარეგისტრაციო მონაცემები, როგორიცაა, სუბიექტის დასახელება, წილების რაოდენობა, კაპიტალის ოდენობა, პარტნიორები, ხელმძღვანელი ორგანოს დასახელება და ხელმძღვანელი პირები, ელექტრონული პორტალის მართვაზე პასუხისმგებელი პირი.
· სადამფუძნებლო შეთანხმებასთან ერთად, უნდა წარადგინოთ განახლებული წესდება. არსებობს წესდების ორი სახე: პირველი - სტანდარტული წესდება, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ. წესდების აღნიშნული ვარიანტის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ არ გჭირდებათ მისი წარდგენა მარეგისტრირებელ ორგანოში და შეგიძლიათ სადამფუძნებლო შეთანხმებაში მხოლოდ მითითების გაკეთება, რომ იყენებთ სტანდარტულ წესდებას. მეორე შემთხვევაში, შეგიძლიათ შეადგინოთ თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური წესდება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, სადამფუძნებლო შეთანხმებაში უნდა მიუთითოთ, რომ იყენებთ პარტნიორთა მიერ შედგენილ ინდივიდუალურ წესდებას და სადამფუძნებლო შეთანხმებას უნდა დაურთოთ აღნიშნული წესდება.
სადამფუძნებლო შეთანხმების და წესდების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ პორტალზე სასარგებლო შაბლონების განყოფილებაში (სექციაში - ბიზნესის წარმატებით მართვა).
4. როგორ მტკიცდება
სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება?
სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება მტკიცდება წესდების შეცვლისათვის დადგენილი წესით. მაგალითად, თუკი თქვენი კომპანიის წესდებით გათვალისწინებული გაქვთ, რომ წესდების ცვლილებას სჭირდება პარტნიორთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობა, საჭიროა მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინოთ პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც დაადასტურებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია წესდებით გათვალისწინებული ხმათა რაოდენობით. ამავე ოქმით უნდა განისაზღვროს სადამფუძნებლო შეთანხმებასა და წესდების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი, მაგალითად, კომპანიის დირექტორი. ასეთ შემთხვევაში, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება პარტნიორთა კრების ოქმი, სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება, რომელიც ხელმოწერილი იქნება კრების ოქმით განსაზღვრული პირის მიერ.
ჩვენს ვებ პლატფორმაზე შეგიძლიათ ნახოთ ვებინარის ჩანაწერი, სადაც განხილულია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის სამართლებრივი და ბიზნეს ასპექტები, რაც დაგეხმარებათ თქვენი სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანაში.