1. ხართ თუ არა მზად ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასასვლელად?
სანამ ციფრულ სამყაროში შეაბიჯებდეთ, შეაფასეთ თქვენს ბიზნესში არსებული სიტუაცია, როგორც საქმიანობის, ისე თანამშრომლების კუთხით, რათა გაიგოთ, ხართ თუ არა მზად ამისათვის.
ეს კითხვარი დაგეხმარებათ შეაფასოთ ხართ თუ არა მზად ციფრული სამყაროსთვის.
შეფასება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ეტაპების გავლით:
ბიზნესის სტრატეგიისა და მიზნების განსაზღვრა
რა რის თქვენი ბიზნესის სტრატეგია და როგორ ერგება ის ციფრული სამყაროსადმი თქვენს ხედვებს?
რამდენად ინოვაციურია თქვენი ციფრული გეგმა და სტრატეგია?
გაქვთ თუ არა საკმარისი შიდა თუ გარე რესურსი ციფრული ტრანსფორმაციის უზრუნველსაყოფად?
არის თუ არა თქვენი ორგანიზაციული კულტურა და პრაქტიკა ღია ციფრული სამყაროსადმი?
ციფრული ტრანსფორმაციისთვის შესაბამისი სფეროებისა და სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა
ბიზნეს სტრატეგიის შემუშავების შემდგომ განსაზღვრეთ ის სფეროები და საქმიანობები, რომელთა გაციფრულებასაც აპირებთ.
პირველი ნაბიჯია იმის განსაზღვრა თუ რამდენად იყენებს უკვე თქვენი ბიზნესი ტექნოლოგიებს - მარტივი საკითხების გადაწყვეტიდან დახვეწილ პროგრამულ უზრუნველყოფამდე - შემდეგი სფეროების გასაუმჯობესებლად:
გაყიდული საქონლის ღირებულების შემცირება - მაგალითად, ონლაინ ვაჭრობის გზით
მთლიანი წარმოების დროის შემცირება
დამხმარე ან ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტურობის გაუმჯობესება
დამხმარე ან ადმინისტრაციული ფუნქციების ხარჯების შემცირება
ინვენტარის შემცირება
დამატებითი მომსახურებების გზით შემოსავლების გაზრდა
მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება
თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესება.
პირველ რიგში, შეგიძლიათ განავითაროთ და პრიორიტეტი მიანიჭოთ იმ სფეროებს, სადაც გარკვეული გამოცდილება ციფრული ტექნოლოგიების კუთხით უკვე გაქვთ. ასევე აქცენტი უნდა გააკეთოთ იმ მიმართულებებსა და ტექნოლოგიებზე, რაც მარტივია დასანერგად, მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანი ცვლილების მომტანი. პრიორიტეტების სია არსებული რესურსების მიხედვით განსაზღვრეთ. ეცადეთ, საწყის ეტაპზე მცირე ცვლილებებს მიანიჭოთ უპირატესობა, სადაც თქვენს თანამშრომლებს თავიდანვე ჩართავთ პროცესში, სანამ უფრო კომპლექსურ ინიციატივებს განახორციელებდეთ.
შეაფასეთ თქვენი რესურსები
ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება ბიზნესში საჭიროებს თქვენი გუნდისა და რესურსების ჩართულობას.
სანამ ფართომაშტაბიან ციფრულ ტრანსფორმაციას განახორციელებდეთ, მანამდე შეაფასეთ თქვენი შიდა რესურსები.
როდესაც შეაფასებთ არსებულ რესურსებს, თქვენ უკვე გექნებათ ნათელი სურათი თუ რა ცვლილებებია საჭირო ციფრული ტრანსფორმაციისთვის.
წარმატებული ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს არა მხოლოდ შესაბამისი საშუალებებისა და მონაცემების ქონას, არამედ შესაბამისი ორგანიზაციული მოდელის ქონასაც. ეს ასევე ნიშნავს, რომ ყურადღება მიაქციოთ იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ მომხმარებლის მომსახურებაა. ბიზნესი, რომელიც ციფრულ რეჟიმში წარმატებით საქმიანობს, იყენებს მთელ რიგ ახალ შესაძლებლობებს, რაც ორიენტირებულია მომხმარებლის უნიკალური გამოცდილების მიწოდებაზე როგორც ციფრულ, ისე რეალურ სამყაროში. აქ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატებული ბიზნეს მოდელის შესაქმნელად.
რა არის საჭირო ციფრული ტრანსფორმაციისთვის?
ახალი ციფრული გამოწვევების (უფრო სწრაფი ბიზნეს ოპერაციები, ახალი რისკები და მთლიანად ბიზნესში ამ ყველაფრის ინტეგრირება) გადასაჭრელად, საჭიროა ბიზნესის მართვაც ამ ყველაფრის გათვალისწინებით წარმართოთ. მაგალითად, შეგიძლიათ აიყვანოთ შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე თანამშრომლები, რომლებიც გამოცდილი არიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა მობილური ტექნოლოგიები, ანალიტიკა და სოციალური მედია. მათ შეუძლიათ დაეხმარონ არსებულ თანამშრომლებს ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებაში ტრენინგებისა და მენტორინგის გზით.
ციფრული ტრანსფორმაცია ასევე ნიშნავს ისეთი ბიზნეს სტრატეგიის შექმნას, რომელიც გარედან შიგნით ცვლილებებზე, კერძოდ, მომხმარებელთა გამოცდილების გათვალისწინებით საქმიანობის გაუმჯობესებაზე. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მომხმარებლის პირველ ადგილზე დაყენება. ციფრული ტექნოლოგიითა და უამრავი ინფორმაციით მდიდარ თანამედროვე მომხმარებელს მარტივად შეუძლია გააკეთოს შედარებები და ივაჭროს კვირისა და დღის ნებისმიერ მონაკვეთში. თქვენს ბიზნესს კი ამ ყველაფერთან ადაპტაცია სჭირდება.
ციფრული ტრანფორმაციის გეგმის განსაზღვრა
წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციისთვის, გეგმის შედგენისას გაითვალისწინეთ შემდეგი:
ადეკვატური, სტაბილური და საიმედო ინფორმაციული ტექნოლოგიების შერჩევა
ინვესტიცია ციფრულ ტექნოლოგიებში
ბიზნესისა და ციფრული სტრატეგიების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა
ფოკუსირება ინოვაციასა და ზრდაზე, ინოვაციური კულტურის განვითარებაზე.
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ სფეროში ციფრული სამყაროს გარეთ საქმიანობამ შეიძლება საერთოდ გაგრიყოთ ბიზნესიდან. მაგალითად:
საცალო ვაჭრობაში - კონკურენტები მომხმარებელს ონლაინ რეჟიმში სთავაზობენ პროდუქციისა და მომსახურების ფართო არჩევანს.
სარესტორნო სფეროში - ონლაინ შეკვეთისა და მიტანის სერვისი ძალზედ გამოყენებადი და პოპულარული გახდა.
ტურიზმის/სამასპინძლო სფეროში - მომხმარებლების, განსაკუთრებით შორს მყოფი ტურისტების, მოზიდვისთვის დიდ ონლაინ პლატფორმებზე უნდა იყოთ ხილვადი და ხელმისაწვდომი.
2. ონლაინ სივრცეში დამკვიდრება
დღესდღეობით ონლაინ სივრცეში არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია უმეტესი ბიზნესისთვის. ამის გარეშე ფაქტიურად აღარ გრჩებათ არჩევანი, რომ თქვენმა ბიზნესმა სამომავლოდ ჯანსაღად იარსებოს.
გლობალური პლატფორმების გამოყენება
თქვენი ბიზნესის ციფრულ სამყაროში გადატანისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი გლობალური სავაჭრო სივრცეები, როგორიცაა Amazon, eBay, Airbnb, Bolt, Wolt და ა.შ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ თქვენ საქმიანობთ საცალო ვაჭრობაში, ან მომსახურების სფეროებში, როგორიცაა საკვების მიწოდება, ტაქსის მომსახურება ან სასტუმროს/საცხოვრებლის გაქირავება. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ მათი საბაზრო პოტენციალი, ზოგიერთი მსგავსი პლატფორმა გთავაზობთ ნახევარ მილიარდ აქტიურ მომხმარებელზე წვდომას და თქვენ მხოლოდ რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა გესაჭიროებათ. ამავდროულად, მსგავსი პლატფორმები მაღალი ნდობითაც სარგებლობენ, რაც მესამე პირებთან ურთიერთობაში ბევრ რამეს გაგიმარტივებთ.
გამოყენებამდე წინასწარ გაეცანით და შეისწავლეთ თქვენს სფეროში არსებული პლატფორმები, მაგალითად, სამასპინძლო სფეროში Airbnb, Booking.com, სატრანსპორტო სფეროში Uber და ა.შ. თუ თქვენი მიზანი ადგილობრივ მომხმარებელზე აქცენტირებაა, მაშინ, ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი პლატფორმა, რომელიც საქართველოში პოპულარულია.
სოციალური მედიის ათვისება
სოციალური მედია არის მომხმარებლის შეძენის, შენარჩუნებისა და მათთან კომუნიკაციის საყოველთაოდ გავრცელებული საშუალება. თუმცა, მომხმარებელთან ურთიერთობის ნამდვილი სტრატეგიული ხედვები მსგავსი არხებიდან მიღებული არასტრუქტურირებული მონაცემების კარგად გააზრებაში, მომხმარებელთა მოთხოვნილებების სიღრმისეულ გაანალიზებასა და მათ საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებაში მდგომარეობს.
მაგალითად, Facebook-ზე ყოველთვიურად დაახლოებით 1,71 მილიარდი აქტიური მომხმარებელია. შესაბამისად, შემოთავაზებული ინფორმაციაც მრავალფეროვანია, მდიდარი და მათი გამოყენება შეიძლება მომხმარებელთა საჭიროებებისა და მოლოდინების ღრმად გააზრების მიზნით. ეს არამარტო გახსნის თქვენს ბიზნესს გლობალური მომხმარებლებისთვის, არამედ Facebook-ს აქვს საინტერესო ინსტრუმენტები და სახელმძღვანელოები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია Facebook-ის სასწავლო განყოფილებაში (შეგიძლიათ რესურსების გაფილტვრა მცირე ბიზნესისთვის). რესურსები მოიცავს რეკლამირებას, რეკლამის მუშაობის გაზომვას და აუდიტორიის მიზნობრიობის განსაზღვრას ადგილობრივი ბიზნესის უკეთ პოპულარიზაციისთვის და ა.შ.
სოციალური მედიის სტრატეგიის შემუშავებისას, გაითვალისწინეთ:
მომხმარებელთა გამოცდილება
აქვთ ჩვენს მომხმარებლებს კარგი გამოცდილება სოციალური მედიის კუთხით?
როგორ შეიძლება მათი გაუმჯობესება?
მომხმარებელზე ზრუნვა
რამდენად ღირებულია ჩვენი მომხმარებლებზე ზრუნვის პროგრამა და თუ ვაწარმოებთ ამ მიმართულებით აღრიცხვას?
რეგულარულად ვაქცევთ თუ არა მომხმარებლის უარყოფით გამოცდილებას პოზიტიურ გამოცდილებად?
ინტელექტი
რამდენად ვიცით თუ რას ამბობენ მომხმარებლები ჩვენს შესახებ?
ვმოქმედებთ თუ არა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით?
ჩართულობა
ვიყენებთ თუ არა სოციალურ მედიას ჩვენს მომხმარებლებთან ურთიერთობის შესაცვლელად ან გასაუმჯობესებლად?
ინციდენტების მართვა
შეგვიძლია თუ არა, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ მომხმარებლის იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელთაც აქვთ მაღალი ხილვადობა და გავლენას ახდენენ ჩვენს ბრენდზე?
დამატებით, იხილეთ თუ როგორ უნდა აირჩიოთ ყველაზე შესაფერისი სოციალური მედიის პლატფორმები.
3. თანამშრომელთა ციფრული შესაძლებლობების გაზრდა
თქვენი ბიზნესის მოდელის ციფრულ სამყაროსთან ადაპტირებისას, უნდა გქონდეთ სათანადო ციფრული შესაძლებლობები და მუდამ უნდა ცდილობდეთ მის განვითარებას. თქვენი გუნდის ციფრული შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ბიზნესს მოუწევს სრულყოფილი საქმიანობის შეჩერება და ონლაინ სივრცეში გადანაცვლება (მაგალითად, პანდემიის გამო) ან საჭირო გახდება მოქნილი სამუშაო გრაფიკით თანამშრომლების აყვანა.
ციფრული ექსპერტიზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ბიზნესისთვის არა მხოლოდ მათი სამომავლო საქმიანობის წარმართვისთვის, არამედ კომპანიის ტექნოლოგიური განვითარების უზრუნველსაყოფადაც.
იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო ძალა დროის მოკლე მონაკვეთში ამ კომპლექსური უნარების მქონედ გარდაიქმნას, არც ისე მარტივი შეიძლება იყოს. ეს კარგად დამკვიდრებული მოთამაშეებისთვისაც კი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
თანამშრომელთა სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. ხანდახან ისეც ხდება, რომ თანამშრომელი, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებაზეც იზრუნა კომპანიამ, სამსახურიდან მიდის. ეს კი დანაკარგია ბიზნესისთვის, რადგანაც მასში ჩადებული ინვესტიცია ფუჭი აღმოჩნდა. ამიტომაც, აუცილებელია წინასწარ დაიზღვიოთ თავი და კვალიფიკაციის ამაღლება გარკვეული პირობებით განახორციელოთ, მაგალითად, შეთანხმდეთ გაკრვეული პერიოდის განმავლობაში სამსახურიდან წასვლის დაუშვებლობაზე ან წასვლის შემთხვევაში კომპანიისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაზე.
როგორ ვიმუშავოთ ციფრული საშუალებების გამოყენებით?
რადგანაც დისტანციურად მუშაობა აქტუალური გახდა, თანამშრომლებს ესაჭიროებათ ამ ყველაფერთან ადაპტაცია. ვირტუალურ შეხვედრებზე, სემინარებსა თუ კონფერენციებზე გადასვლა ნიშნავს საქმის ახლებურად კეთებას. დისტანციურად მუშაობისთვის ბევრი გამოცდილი საშუალება არსებობს, როგორიცაა Microsoft Teams, Zoom და Web-ex შიდა მოხმარებისთვის და Facebook მომხმარებელთან ურთიერთობისთვის. ამ სიახლეებთან მარტივად შეგუების მიზნით, დაიხმარეთ ის თანამშრომლები, რომლებსაც განსაკუთრებით კარგად ესმით ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობა და შეუძლიათ კარგად იმუშაონ ამ სივრცეში.
ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა თუ საშუალებების ძიება შეიძლება ყოველთვის სულაც არ იყოს საჭირო. ორგანიზაციის შიგნით უკვე არსებული და გამოცდილი საშუალებებითაც შეიძლება უპასუხოთ გამოწვევებს. წარმატებული ვირტუალური შეხვედრებისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად ის თუ რომელ პროგრამას გამოიყენებთ, არამედ ის თუ რამდენად ნაყოფიერად გაუწევთ ორგანიზებას ამ ყველაფერს.
ვირტუალური თანამშრომლობის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: როგორ ჩავატაროთ ვირტუალური შეხვედრები და ცხრა რჩევა უსაფრთხო ვიდეოკონფერენციისთვის.
4. სასარგებლო ინსტრუმენტები და პროგრამები
ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა თქვენთვის საჭირო და ხელმისაწვდომი ციფრული პროგრამები და საშუალებები.
როგორ ვმართოთ საქმიანი დოკუმენტაცია და პროცესები?
საქმიანი დოკუმენტაციისა და პროცესების მართვისას, იქ სადაც ამის შესაძლებლობა იქნება, მაქსიმალურად გამოიყენეთ ელექტრონული დოკუმენტები და პლატფორმები.
თუ თქვენი ბიზნესი უკვე იყენებს დახვეწილ ციფრულ პროგრამულ უზრუნველყოფას, შეგიძლიათ იფიქროთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეც. გარკვეულ შემთხვევებში, ბლოკჩეინი გთავაზობთ უფრო სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების განხორციელებას, ოპერაციების გამარტივებასა და ავტომატიზაციას და ამით ხარჯების შემცირებას.