1. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა

2022 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა კანონი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. კანონი ადგენს ახალ მნიშვნელოვან პრინციპებს გარემოსდაცვითი მიმართულებით, რომლის გათვალისწინება ყველა ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის აუცილებელია. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მთავარი პრინციპია - დამბინძურებელი იხდის.

შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ მცირე ან საშუალო ზომის საწარმო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაზიანება, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კანონით დადგენილი ახალი პრინციპები. კანონი ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეზეც.

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ ის, ვინც საკუთარი უკანონო მოქმედებით ზიანს მიაყენებს გარემოს, ვალდებულია თავად გამოასწოროს ეს ზიანი. ადრე მოქმედი კანონმდებლობით, გარემოზე ზიანის მიყენების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა დაგკისრებოდათ ფინანსური სანქცია და ამით თქვენი პასუხისმგებლობა ამოწურულიყო. თუმცა, ახალი კანონით გათვალისწინებულია, რომ მიყენებული ზიანი თქვენ თავად უნდა გამოასწოროთ.

კანონი არეგულირებს ზიანის მიყენებას გარემოს შემდეგ კომპონენტებზე: ბიომრავალფეროვნება, წყალი და მიწა. რაც შეეხება ჰაერის დაბინძურებას, ამას აღნიშნული კანონი არ არეგულირებს.

კანონის მიხედვით, გათვალისწინებულია გარემოს ზიანის ორი სახე: ზიანი და მნიშვნელოვანი ზიანი.

თქვენ ასევე უნდა გაითვალისწინოთ, კონკრეტულად რა სფეროში საქმიანობთ. კანონი ადგენს საქმიანობების ჩამონათვალს, რომელსაც განსაკუთრებული სტატუსი გააჩნია. განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ ასეთ საწარმოებს მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ეკისრება. მკაცრი პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ საწარმოს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაშიც, თუ ზიანი დადგა ბრალეული ქმედების გარეშე.

ქვემოთ იხილეთ საწარმოების საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება მკაცრ პასუხისმგებლობას:

იხილე მეტი

მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები კანონის პირველი დანართით არის გათვალისწინებული. თუკი გარემოს ზიანი მიადგება ამ რომელიმე კრიტერიუმის მიხედვით, მაშინ ჩაითვლება, რომ სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი.

ქვემოთ მოცემულია მნიშვნელოვანი ზიანის კრიტერიუმები:

იხილე მეტი

2. სანქციები

კანონით დადგენილია მკაცრი სანქციები დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

  • 5000 ლარი - ზიანის საფრთხის შესახებ შეუტყობინებლობა.
  • 5000 ლარი - გარემოს პირვანდელ მდგომარეობამდე ან პირვანდელთან მიახლოებულ მდგომარეობამდე მიყვანის შესაძლებლობის ინფორმაციის შეუტყობინებლობა.
  • 10 000 20 000 ლარი - ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის საჭირო ღონისძიების განუხორციელებლობა.
  • 20 000 - 40 000 ლარი - ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ღონისძიების განუხორციელებლობა.
  • 5 000 10 000 ლარი - გარემოსდაცვით ფონდში თანხის გადაურიცხველობა.
  • 40 000 80 000 ლარი - ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიების განუხორციელებლობა.
  • 20 000 40 000 ლარი - ხარჯთაღრიცხვის შესახებ დასკვნის წარუდგენლობა.
  • 5000 ლარი - ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირისათვის ხელშეშლა.
წინა სტატია
გაზიარება