1. ონლაინ ყიდვა-გაყიდვის საფუძვლები
მას შემდეგ რაც შეაფასებთ, რომ თქვენი ბიზნესი მზადაა ციფრული სამყაროსთვის და შესაბამის ტექნიკურ მხარდაჭერასაც უზრუნველყოფთ, უკვე დროა უფრო ახლოს გაეცნოთ ონლაინ გაყიდვებისა და ელექტრონული კომერციის სამყაროს, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ დამატებითი გაყიდვების სივრცე.
ისევე როგორც გაყიდვების ნებისმიერ სფეროში, ონლაინ ბიზნესშიც ამოსავალი წერტილი მომხმარებელია. საჭიროა კარგად აცნობიერებდეთ ელექტრონული ვაჭრობის სარგებელსა და შესაძლებლობებს, მის ძირითად გამოწვევებთან და რისკებთან ერთად, რათა შეძლოთ მომხმარებლისთვის ჯანსაღი პროდუქციისა და მომსახურების მიწოდება.
თუ თქვენ ონლაინ გაყიდვებს უკვე არსებული ელექტრონული ვაჭრობის რომელიმე პლატფორმის საშუალებით აპირებთ, მაშინ ეს რჩევები გამოგადგებათ.
რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ ვაჭრობისას?
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ვაჭრობა გლობალურად მზარდი ტენდენციაა, მისი გამოყენების სიხშირე და ფორმები განსხვავდება გეოგრაფიული მდებარეობების, პროდუქტებისა და თაობების მიხედვით. ონლაინ ვაჭრობისას აუცილებელია გაითვალისწინოთ, თუ რამდენად მიაღწევს ამ გზით თქვენი პროდუქცია თუ მომსახურება სათანადო მომხმარებლამდე.
იმისათვის, რომ სწორი ონლაინ არხების გამოყენებით მიაღწიოთ თქვენთვის საჭირო მომხმარებლამდე, გჭირდებათ მარკეტინგული გეგმა, რომელიც შესაბამისობაში იქნება თქვენს ონლაინ ბიზნეს მოდელთან. მარკეტინგული მიდგომების დაგეგმვისას, გამოიყენეთ ეს ჩამონათვალი.
ელექტრონულ ვაჭრობას ონლაინ გამყიდველებისთვის მრავალი დამატებითი სარგებელი მოაქვს:
გაზრდილი მოგება რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე:
ბიზნესის ავტომატიზაცია და უფრო სწრაფი საქმიანობა
პროდუქციისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა 24/7-ზე და მომხმარებლისთვის ხელსაყრელი პირობებით
პირდაპირი და პერსონალიზებული მარკეტინგი, რაც ზუსტი სამიზნე ჯგუფის შერჩევის გზით პროდუქციის გაყიდვების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს
მნიშვნელოვან მონაცემებზე ხელმისაწვდომობა, რომელთა ანალიზის შედეგადაც შესაძლებელია მომგებიანი სეგმენტებისა და პროდუქტების იდენტიფიცირება.
გაფართოებული მომხმარებელთა ბაზა
გაფართოებულ მომხმარებელთა ბაზას მოაქვს დამატებითი შემოსავლები.
მომარაგების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველყოფა
წარმატებული ონლაინ მაღაზიები ქმნიან მომარაგების უწყვეტ ჯაჭვებს და იმისთვის, რომ პროდუქციამ მომხმარებლამდე მიაღწიოს თანამშრომლობენ სხვადასხვა კომპანიებთან, მათ შორის, გადამზიდავ, ლოგისტიკურ, სატრანსპორტო კომპანიებთან და ადგილობრივი მწარმოებლებთან. ციფრულ სამყაროში გადანაცვლებისას აუცილებელია მიწოდების ამ ინოვაციური ჯაჭვის გათვალისწინებაც.
როდესაც გადაწყვეტთ ელექტრონულ ვაჭრობას, ეს რჩევები დაგეხმარებათ ონლაინ გაყიდვების მართვაში.
მომხმარებელთა გამოცდილება ონლაინ სივრცეში
ონლაინ სივრცეში გადანაცვლებასთან ერთად, იცვლება მომხმარებელთა ქცევები და მოთხოვნებიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების გათვალისწინება, რათა შეძლოთ მომხმარებლის განსხვავებულ ინტერესებზე მორგება და თქვენი სამომავლო ბიზნეს მოდელის სწორად განსაზღვრა. ამისათვის:
კარგად გაეცანით თქვენს ახალ ონლაინ მომხმარებლებს,
მოარგეთ თქვენი ბიზნეს მოდელი ონლაინ მომხმარებლების საჭიროებებს.
ტრანსპროტირება
ონლაინ ბიზნესის უმეტესობას ესაჭიროება ტრანსპორტირების საკითხების მოგვარება და, შესაბამისად, ტრანსპორტირების პოლიტიკის შემუშავება. შეგიძლიათ გამოიყენოთ რომელიმე ეს მიდგომა:
- ჩასვით გადაზიდვის ფასი პროდუქტის ფასში და შესთავაზეთ უფასო ტრანსპორტირება - შესთავაზეთ ტრანსპორტირების სტანდარტული ღირებულება - ტრანსპორტირების საფასური განსაზღვრეთ წონის, ზომის, მანძილის ან სხვა კრიტერიუმების მიხედვით - შესთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი - მაგალითად, შესთავაზეთ უფასო გადაზიდვა გარკვეულ თანხაზე ზემოთ შესყიდვისთვის და ამ თანხის ქვემოთ შეკვეთებისათვის დააწესეთ სტანდარტული ღირებულება.
2. ონლაინ გადახდები
ონლაინ ბიზნესის, ონლაინ ვაჭრობისა თუ ელექტრონული ბილეთების ზრდას თან ახლავს გადახდის უამრავი მეთოდები. ზოგიერთი ტრადიციული, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, გადახდის მეთოდად ალბათ მაინც დარჩება პროდუქციის/სერვისის მიწოდებისას ნაღდი ფულით ან საბანკო ტერმინალით გადახდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მომხმარებელი უფრო და უფრო მეტად ეძებს გადახდის მარტივ და უნაღდო საშუალებებს.