რას გულისხმობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება?
იმ შემთხვევაში, თუ არსებული სირთულეების გათვალისწინებით, ვერ მოახერხეთ თქვენი ბიზნესის იმგვარი გარდაქმნა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმიანობის შენარჩუნება, თქვენ შესაძლებელია დაგჭირდეთ სხვადასხვა ფორმალური პროცედურის ჩატარება თქვენი საქმიანობის შეჩერების ან/და შეწყვეტისათვის.
საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 18 სექტემბერს მიიღო ახალი კანონი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“. კანონის მიზანია კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება რეაბილიტაციის მიღწევით, ხოლო რეაბილიტაციის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში - გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციის მიღებული თანხის განაწილებით. შესაბამისად, თუკი თქვენ გყავთ კრედიტორები და თქვენ ვერ ახერხებთ ვალდებულებების შესრულებას, ან არსებობს საფრთხე, რომ ვერ შეასრულებთ ვალდებულებებს, შესაძლებელია აღნიშნული კანონის მიხედვით დაიწყოს გადახდისუუნარობის პროცედურები.
გადახდისუუნარობის პროცესი რთული და კომპლექსურია, მოიცავს ბევრ პროცედურას, სხვადასხვა ეტაპს. ამიტომ, კონკრეტული შემთხვევისათვის, მიზანშეწონილია, რომ კონსულტაცია გაიაროთ კვალიფიციურ სპეციალისტთან. თუმცა, ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა და დაგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები.
აღსანიშნავია, რომ თუ თქვენ ხართ ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა ფორმით მეწარმე ფიზიკური პირი, თქვენზე არ ვრცელდება აღნიშნული კანონი.
გადახდისუუნარობის პროცედურები სასამართლოში მიმდინარეობს. წარმოება იწყება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ გადახდისუუნარო ან მოსალოდნელია თქვენი გადახდისუუნარობა.
წარმოება შეიძლება წარიმართოს რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმით. სასამართლო წარმოება მიმდინაროებს თბილისის ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. თუკი თქვენი იურიდიული მისამართი აღმოსავლეთ საქართველოშია წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო, თუკი იურიდიული მისამართი დასავლეთ საქართველოშია, წარმოება წარიმართება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
გადახდისუუნარობის წარმოების პროცესში სავალდებულოა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა.
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მასალები განთავსდება ელექტრონულ პორტალზე - www.ecourt.ge/insolvency/index საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი სწორედ აღნიშნულ პორტალზე იქნება განთავსებული.
ძალიან მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადახდისუუნარო ხართ, თქვენი კომპანიის დირექტორი ან ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ, 3 კვირის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება დაგეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმებლობა. ამ ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც იცოდით ან უნდა გცოდნოდათ, რომ გადახდისუუნარო გახდით.
რეგულირებული შეთანხმება
რეგულირებული შეთანხმება არის კანონით დადგენილი ახალი მექანიზმი. ამ შეთანხმების მიღწევის პროცესში, ორი თვის განმავლობაში, ცხადდება მორატორიუმი და აღარ მიმდინარეობს თქვენს წინააღმდეგ გადახდისუუნარობის წარმოება. ეს ვადა კიდევ შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით. ამიტომ, თქვენი მიზანი უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანად შეძლოთ თქვენს კრედიტორთან მოლაპარაკებების წარმართვა. რეგულირებული შეთანხმება ფორმდება მოვალესა და კრედიტორებს შორის. რეგულირებული შეთანხმების მიზანია თქვენი ბიზნესის შენარჩუნება, რაც კანონის მიხედვით, გამორიცხავს თქვენი კომპანიის ლიკვიდაციას. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველობას ახორციელებს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი. რეგულირებული შეთანხმების დროს მხარეები ადგენენ იმ პირობებს, რომლის შედეგად კრედიტორები მიიღებენ მინიმუმ იმდენს, რასაც ისინი მიიღებდნენ კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში. ამასთან, დგინდება მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს შეთანხმების შესრულებას. აუცილებელია, რომ რეგულირებული შეთანხმების შესრულებაზე შეადგინოთ შესაბამისი ანგარიში. მნიშვნელოვანია, რომ რეგულირებული შეთანხმების გაფორმების პროცესში გაცვლილი ინფორმაცია კონფიდენციალურია და თქვენს შესახებ არსებული ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არავის აქვს თქვენი თანხმობის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ რეგულირებული შეთანხმების შეთავაზების ძირითადი პირობები ნიმუშის სახით {ბმული ნიმუშზე}.
რეგულირებული შეთანხმების შეთავაზების წარდგენა პირველ რიგში ხდება ზედამხედველთან, ანუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთან. იმ შემთხვევაში, თუ მისი დასკვნა დადებითია, შეთანხმება დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. რეგულირებული შეთანხმება სავალდებულოა შესასრულებლად როგორც მოვალეებისთვის, ასევე, კრედიტორებისთვის. ამიტომ, მათი მონაწილეობა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. რეგულირებული შეთანხმების დამტკიცებისთვის აუცილებელია კრედიტორთა კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორების არანაკლებ 75% მხარდაჭერა. ამ რაოდენობაში არ შედის ისეთი კრედიტორები, რომლებიც დაკავშირებული არიან მოვალესთან. უზრუნველყოფილ კრედიტორებს ხმის უფლება არ აქვთ, რადგან მათი მოთხოვნა ისედაც უზრუნველყოფილია. რაც შეეხება არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს, მათი ხმის უფლება განისაზღვრება მათი მოთხოვნის პროპორციულად.
გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონმდებლობის პრიორიტეტი არის კომპანიის რეაბილიტაცია და ამ გზით კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება. კანონი ადგენს, რო რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემთხვევაში, დაუშვებელია იმავდროულად გაკოთრების რეჟიმის გახსნის მოთხოვნით განცხადების შეტანა. უფრო მეტიც, რეაბილიტაციის გახსნის მოთხოვნით განცხადების შეტანის და მისი დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, ჩერდება უკვე გახსნილი და მიმდინარე გაკოტრების რეჟიმის განცხადების წარმოება. რეაბილიტაციის რეჟიმის მიზანია რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცება.
რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის შემდეგ, ჩერდება თქვენი კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილება. აღნიშნული უფლებამოსილება გადაეცემა რეაბილიტაციის მმართველს. თქვენ ვალდებული ხართ ითანამშრომლოთ რეაბილიტაციის მმართველთან.
რეაბილიტაციის მმართველი თქვენი საქმიანობის ანგარიშისა და კრედიტორთა რეესტრის მონაცემების საფუძველზე ამზადებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტს 2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს ერთი თვისა.
გაითვალისწინეთ, რომ პრეფერენციული მოთხოვნები რიგითობის მიხედვით თანაბარია. პრეფერენციული ვალები სრულად უნდა იქნეს გადახდილი. თუ თანხები საკმარისი არ არის, ვალები თანაბარი პროპორციით მცირდება.
რეაბილიტაციის გეგმას მოიწონებს კრედიტორთა კრება. თუ კრება არ მოიწონებს გეგმას, დაიწყება/განახლდება გაკოტრების რეჟიმი.
კრედიტორთა კრების მიერ მოწონებული პროექტი საბოლოოდ დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. სასამართლო იმ შემთხვევაშიც ამტკიცებს რეაბილიტაციის გეგმის პროექტს, თუ, მაგალითად, გეგმა ითვალისწინებს უზრუნველყოფილი კრედიტორისთვის უფრო ნაკლების მიღებას, ვიდრე ის მიიღებდა ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, მაგრამ კრედიტორი აღნიშნულზე თანხმობას აცხადებს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის გეგმის პროექტი შემუშავდეს კრედიტორებთან მაქსიმალური კომუნიკაციის გზით.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ დამტკიცებული გეგმა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება ექნება მოითხოვოს გაკოტრების რეჟიმის გახსნა.
გაკოტრების რეჟიმი
რეაბილიტაციისგან განსხვავებით, გაკოტრების რეჟიმი ითვალისწინებს კრედიტორთა დაკმაყოფილებას გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციის გზით. ამ დროს, თქვენი კომპანიის გადარჩენა არ ხდება. გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ, სასამართლო ნიშნავს გაკოტრების მმართველს. გაკოტრების მმართველს გააჩნია თქვენი კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება. ის მოიძიებს იმ ქონებას, რომელიც ექვემდებარება რეალიზაციას. რეალიზაცია იმგვარად უნდა წარიმართოს, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა იყოს მიღებული. თუ სხვა გზით უფრო მეტი თანხის მიღება არ არის შესაძლებელია, რეალიზაცია ხორციელდება აუქციონის გზით.
აუქციონის ვადა არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი. ქონების საწყისი ფასი ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრება და მისი საბაზრო ფასის 75% შეადგენს. თუ ქონება არ გაიყიდება და დაინიშნება განმეორებითი აუქციონი, მაშინ საწყისი ფასი შეადგენს ქონების საბაზრო ფასის 50%-ს. თუ მესამე აუქციონის ჩატარების საჭიროება დადგა, საწყისი ფასი შეადგენს მეორე აუქციონის საწყისი ფასის ნახევარს.
გაითვალისწინეთ, რომ კანონი ითვალისწინებს გამონაკლისებს, მაგალითად, როგორიცაა, ქონების პირდაპირ კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, კრედიტორების თანასაკუთრებაში გადაცემა ნატურით.
მნიშვნელოვანია, რომ თუკი არსებობს სათანადო წინაპირობები, გაკოტრების მმართველს უფლება აქვს მოითხოვოს გაკოტრების რეჟიმის გარდაქმნა (კონვერსია) და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნა. ამიტომ, გაკოტრების რეჟიმის გახსნის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ წარმართოთ კომუნიკაცია კრედიტორებთან და გაკოტრების მმართველთან, თუკი თქვენი მიზანი არის კომპანიის გადარჩენა და ამისათვის, შესაბამისი გეგმა გექნებათ დასახული.
მორატორიუმი
მორატორიუმი გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონმდებლობით დადგენილი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. ის გულისხმობს გარკვეული მოქმედებების დროებით შეჩერებას.
სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანისთანავე ავტომატურად ამოქმედდება მორატორიუმის შემდეგი ღონისძიებები:
ა) ჩერდება მოვალის ქონების წინააღმდეგ მიმდინარე იძულებითი აღსრულების ღონისძიებები, ხოლო იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება;
ბ) ჩერდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები (საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა და სხვა) და ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა/გადახდა, ხოლო აღსრულების უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების დაწყება არ დაიშვება, გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებებისა;
გ) ჩერდება და არ დაიშვება უზრუნველყოფის საგნიდან კრედიტორის დაკმაყოფილება, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) არ დაიშვება დივიდენდის განაწილების, საწარმოს რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;
ე) არ დაიშვება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულება, ახალი ვალდებულებების აღება, გადახდის ახალ პირობებზე შეთანხმება და მათი უზრუნველყოფა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ვ) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე წარმოშობილ ვალდებულებებზე პროცენტის გადახდა. ამასთანავე, არ ჩერდება პროცენტის დარიცხვა, რომელიც კრედიტორთა მოთხოვნებში უნდა იქნეს გათვალისწინებული;
ზ) ჩერდება პირგასამტეხლოს დარიცხვა და გადახდა. თუ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება გადახდისუუნარობის საფუძვლის არარსებობის გამო შეწყდება, მიიჩნევა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა უწყვეტად მიმდინარეობდა;
თ) არ დაიშვება საპროცესო უზრუნველყოფის ახალი ღონისძიებების გამოყენება;
ი) ჩერდება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებამდე აღძრული, გადახდისუუნარობის მასის წინააღმდეგ მიმართული დავების სასამართლოში, არბიტრაჟში ან ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვა, ხოლო ახალი დავების დაწყება არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დავა ეხება გადახდისუუნარობის მასიდან ნივთის გამოყოფას, ან ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლების განხორციელების ხანდაზმულობას ვადის დენა ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლის შესაბამისად.
გარდა აღნიშნული ღონისძიებებისა, რომელიც ავტომატურად ჩერდება, სასამართლო უფლებამოსილია კრედიტორის, მოვალის, მმართველის ან სხვა დაინტერესებული პირის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე გამოიტანოს განჩინება მორატორიუმის დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ, კერძოდ:
ა) მოვალეს აუკრძალოს მის მფლობელობაში არსებული ლიზინგის, პირობადებული საკუთრების დათქმით ან სხვა საფუძვლით გადაცემული ნივთების დაბრუნება;
ბ) მოვალეს შეუზღუდოს ან აუკრძალოს ქონების განკარგვა, მათ შორის, მისი გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა, შეაჩეროს მოვალის მიერ დადებული ხელშეკრულების იმ ნორმების მოქმედება, რომლებიც მოვალეს ქონების განკარგვას ავალდებულებს;
გ) მოვალის კონტრაქტორებს აუკრძალოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მოვალისთვის მიწოდების შეწყვეტა, შეჩერება ან/და შეფერხება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების გამო, თუ მოვალე მათ მიმართ ასრულებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს;
დ) გამოიყენოს სხვა ღონისძიებები, რომლებიც ამ პუნქტით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის და რომელთა გამოყენებაც მიზანშეწონილად მიიჩნევა გადახდისუუნარობის საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.
პროცესის ხარჯები
გადახდისუუნარობის წარმოება დაკავშირებულია სხვადასხვა ხარჯთან. პირველ რიგში, ანგარიშდება სასამართლო ბაჟი. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას თქვენ, როგორც მოვალე წარადგენთ სასამართლოში, თქვენ არ იხდით ბაჟს. თუ თქვენ დასამტკიცებლად წარადგენთ რეგულირებულ შეთანხმებას, თქვენ უნდა გადაიხადოთ ბაჟი 1000 ლარის ოდენობით. კრედიტორის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი სხადასხვაა, ის დაკავშირებულია გადახდისუუნარობის მასასთან, ბაჟის ოდენობა არანაკლებ 500 ლარი და არაუმეტეს 10 000 ლარია. რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება, რაც დამატებითი მოტივაციაა რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებისათვის.
გარდა სასამართლო ბაჟისა, დამატებითი ხარჯი გათვალისწინებულია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსისათვის. მის საბოლოო ოდენობას სასამართლო განსაზღვრას, წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.