ციფრული სამყარო: წარმატებული და სტაბილური ბიზნესის შექმნა
მას შემდეგ რაც თქვენი ბიზნესი, თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჩათვლით, ციფრულ სამყაროში გადაინაცვლებს, მოგიწევთ ისეთი რისკების მართვა, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიებისა და მონაცემების უსაფრთხოება. ყველა ბიზნესს არ შეუძლია ჰყავდეს ინფორმაციული ტექნოლოგიის კუთხით მომუშავე თანამშრომლები. ამასთან, არის საკითხები, რომლებიც ბიზნესის მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ ონლაინ საქმიანობისას. ტექნოლოგიებს ტრანსფორმაციისა და ზრდის კუთხით შთამბეჭდავი შესაძლებლობები მოაქვთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალ ტექნოლოგიებს ახალი რისკებიც მოჰყვება თან.
ციფრულ სამყაროში თქვენი ბიზნესი შემდეგ რისკებს შეიძლება გადააწყდეს:
საოპერაციო რისკები
როდესაც თქვენი ბიზნესის ფუნქციონირება სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ციფრულ ტექნოლოგიებზე, ტექნოლოგიურმა ხარვეზებმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს პროგრამულ შეცდომებს თუ ტექნიკის უკმარისობას, შეიძლება შეაფერხოს ბიზნესის საქმიანობა. ხართ თუ არა მზად და სათანადოდ აღჭურვილი, რომ მსგავსი პრობლემების შემთხვევაში მაინც შეძლოთ მუშაობის გაგრძელება?
შიდა რესურსები და შესაძლებლობები
თქვენი ბიზნესი უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რთულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ეს მოიცავს არა მხოლოდ თქვენს შიდა სისტემებს, არამედ გარე ვებ-გვერდებსა და სერვისებს, რომლებსაც მომხმარებლები იყენებენ თქვენთან ურთიერთობისთვის. გაქვთ სათანადო შიდა რესურსები იმისთვის, რომ რეგულარულად განაახლოთ ეს საშუალებები თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე და ხარვეზების შემთხვევაში შეძლოთ მათი გასწორება?
დაუცველი სისტემები
ჰაკერები და კიბერ კრიმინალები ყველანაირი გზებით ცდილობენ ონლაინ ბიზნესის მიზანში ამოღებას. მათ შეიძლება მოინდომონ თქვენი კომპანიის ან მომხმარებელთა მონაცემების მოპარვა, ან შეიძლება მონაცემთა დაშიფრვის გზით შეაჩერონ თქვენი ბიზნეს-ოპერაციები და მათი განბლოკვისთვის მოითხოვონ გამოსასყიდი. მსგავსი მოქმედებების შესაძლებლობა არსებობს, რადგან დამნაშავეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენს სისტემებში არსებული სისუსტეები. რამდენად არის თქვენი სისტემა დაცული უახლესი ანტივირუსული პროგრამით ან საფრთხეების მონიტორინგის სხვა საშუალებებით? გაქვთ თუ არა შესაძლებლობა, სათანადო რეაგირება მოახდინოთ კიბერ შეტევაზე?
დაუცველი ხალხი
თქვენს თანამშრომლებს შეიძლება სულ უფრო ხშირად უწევთ სახლიდან მუშაობა. მათ სჭირდებათ სისტემებზე წვდომა ნებისმიერი წერტილიდან. ეს კი კარგი სამიზნეა ჰაკერებისთვის, რადგანაც სოციალური ინჟინერიის საშუალებით შეუძლიათ თქვენს სისტემაში შემოღწევა. მათ შეიძლება დააგზავნონ შეცდომაში შემყვანი წერილები ელ-ფოსტაზე და მოითხოვონ ინფორმაცია ან პაროლები, ან ფოსტას თან მოაყოლონ მავნე ვირუსული პროგრამები, ან თუნდაც დაუკავშირდნენ თქვენს თანამშრომლებს და მოტყუების გზით, რომ ვითომ არიან ტექნიკური დახმარებიდან, გამოსძალონ ინფორმაცია. მსგავსი იმიტირებული თაღლითური მეთოდებით კრიმინალებს შეუძლიათ თქვენს ბიზნესზე წვდომა მოიპოვონ. არიან თუ არა თქვენი თანამშრომლები მომზადებული მსგავსი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და გაქვთ თუ არა შესაბამისი რეაგირების სისტემა თუ რომელიმე თანამშრომელი ასეთი სქემის მსხვერპლი გახდება?
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მსგავსი რისკები გავლენას მოახდენს თქვენს ოპერაციებზე, კლიენტებთან ურთიერთობაზე, გაყიდვებსა და მარკეტინგზე.
ციფრულ სამყაროში შესვლამდე ბიზნესის მფლობელები მზად უნდა იყვნენ ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების გასამკლავებლად და გაითვალისწინონ უსაფრთხოების ყველა ასპექტი, რათა უზრუნველყონ საჭირო უნარებისა და ტექნოლოგიების მობილიზება. რისკების წინასწარ გათვალისწინება და მათი მოგვარება თავიდან აგაცილებთ სამომავლო პრობლემებს.
სამი მარტივი, მაგრამ ეფექტური ნაბიჯი ციფრული რისკების მართვისთვის არის:
მოსალოდნელი რისკების განსაზღვრა (მაქსიმალურად ორიენტირებული მომხმარებლის დაცვაზე).
ეფექტური კონტროლისა და მართვის მოდელების ჩამოყალიბება.
მუდმივი ცვლილებებისა და ადაპტაციისთვის მზადყოფნა.
საბოლოო ჯამში, თქვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოება უზრუნველყოფს:
ამ კუთხით თქვენი ბიზნესის სტაბილურ და საიმედო მხარდაჭერას,
ადეკვატური კიბერ უსაფრთხოების ქონას და შესაძლო საფრთხეების ცოდნას.
კიბერ საფრთხეები ახალი რეალობაა ბიზნესისთვის. ინტელექტუალური საკუთრების, მომხმარებელთა მონაცემებისა და სხვა სენსიტიური ინფორმაციის დაკარგვამ ან ქურდობამ შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს მთელი თქვენი ბიზნესი.
მონაცემთა დაკარგვამ ან ქურდობამ შეიძლება არა მხოლოდ საქმიანობის შეფერხება გამოიწვიოს, არამედ სერიოზული ფინანსური და რეპუტაციური ზიანიც მოგაყენოთ, გავლენა მოახდინოს პროდუქციის ხარისხზე, მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, ინვესტორთა ნდობაზე, რეგულაციებთან შესაბამისობაზე და ა.შ.
კიბერ უსაფრთხოების შესაქმნელად ან გასაუმჯობესებლად შეგიძლიათ შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
აკონტროლეთ ინფორმაცია, რომელსაც ითხოვთ და უზიარებთ სხვას.
მოწყობილობები და სისტემები, რომლებსაც იყენებთ თქვენი ბიზნესის სამართავად, უნდა იყოს უსაფრთხო და საიმედო, ძლიერი პაროლებით დაცული.
რეგულარულად შექმენით თქვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი მონაცემების სარეზერვო ასლი და შეამოწმეთ თუ რამდენად გექნებათ საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენის საშუალება.
თუ თქვენი ბიზნესი იყენებს ონლაინ გადახდებს, დარწმუნდით, რომ გადახდის სისტემა არის დაცული და საიმედო, რადგან მომხმარებლები, როგორც წესი, ძალიან მგრძნობიარეები არიან მათი პირადი მონაცემების მიმართ.
დარწმუნდით, რომ იყენებთ კიბერ უსაფრთხოების თანამედროვე, ყოვლისმომცველ ანტივირუსულ პროგრამებს და სხვა საფრთხეების მონიტორინგისა და გამოვლენის სისტემებს.
დაატრენინგეთ თქვენი თანამშრომლები ტექნოლოგიებისა და მასთან დაკავშირებული რისკების მართვის საკითხებში.